ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას პლაკატების დაზიანებასა და მუქარაში ადანაშაულებს. ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი, მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ მისი პლაკატი მიზანმიმართულად დააზიანეს და თვალები და პირი გამოჭრეს.
ამის გასაპროტესტებლად ენმ-ის წევრებმა მმართველი პარტიის ოფისთან აქცია-პერფორმანსიც მოაწყვეს - აღნიშნული პლაკატი მათ ოცნების ოფისში შეიტანეს და იქვე დატოვეს.
მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ ეს არის ქართული ოცნების ხელწერა.
"ხელისუფლებას არ მოსწონს, რასაც ვხედავთ და რასაც ვლაპარაკობთ - სწორედ ეს არის ბანერების განადგურების მიზეზი" - ამბობს ბოლქვაძე.
საპასუხოდ ბრიფინგი გაიმართა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში, თბილისში. შალვა პაპუაშვილმა ენმ-ის ქმედებას პროვოკაცია უწოდა და გამოთქვა ვარაუდი, რომ პლაკატი მათ თავად დააზიანეს.
მან პარალელი გაავლო 15 სექტემბერს ქართული ოცნების ქარელის ოფისში მომხდარ შემთხვევასთან, როცა მთავარი არხის ოპერატორი მეორე სართულიდან გადააგდეს.
"ეს ქმედებები მიმართულია იმისთვის, რომ უკონტროლო პროცესები გამოიწვიოს და დაძაბულობის დონემ პიკს მიაღწიოს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქარელში მომხდარი პროვოკაციის კვალდაკვალ, ახლაც ცდილობდნენ ისეთი ლოკაციის შერჩევას, როცა არის მეორე სართული, მეორე სართულიდან ჩასასვლელი კიბეები, რომელსაც ზედა მხარეს არ აქვს მოაჯირი და საიდანაც, მათ მიერ პროვოცირებული შესაძლო არეულობის დროს ადვილად შეიძლება გადავარდნილიყო ადამიანი. ეს კი იმისთვის სჭირდებათ, რომ შექმნან აპოკალიპტური სურათი, თითქოს ქართული ოცნების ოფისიდან ხალხს მეორე სართულიდან ყრიან". - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ქარელში, ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან, 15 სექტემბერს, დაახლოებით 19:20 საათზე მთავარი არხის ოპერატორი, ლევან აბლოთია გადააგდეს. მასთან ერთად ჟურნალისტი ბექა ყორშია მუშაობდა. ის ყვება, რომ მათ ქარელის მერის ჩაწერა სურდათ, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აბლოთია მეორე სართულიდან ხელის კვრის და დაპირისპირების დროს გადავარდა.